X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მზია გიორგობიანი-სამინისტრო აგრძელებს სამუშაოებს, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტების გაძლიერებისათვის

8 დეკემბერი 2022

,,დღეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან  გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც  გავეცანით იმ  სიახლეებს და ტენდენციებს, რომლებიც  მუნიციპალურ სტატისტიკას, აქტივების აღრიცხვას და ელექტრონული სისტემების დანერგვას ეხება“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების, მუნიციპალური სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვიანობის სისტემების განვითარება-მიღწევებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ  გიორგი მარგებაძემ,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა  გოგიტა თოდრაძემ და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ხოსრუაშვილმა. გაიმართა ერთიანი ელექტრონული მუნიციპალური სერვისების, მუნიციპალური სტატისტიკის წარმოების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების და მუნიციპალური ქონების აღრიცხვიანობის მოდულის (ვებ-საიტის) პრეზენტაცია.

,,ეს არის შეხვედრა, რომელზეც  შესაძლებელია, მუნიციპალიტეტებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნეს დასმული, გაზიარებული და გაანალიზებული  იმისათვის, რომ დავიგეგმოთ შემდგომი განვითარებისათვის.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და აგრძელებს იმ ტენდენციებს და სამუშაოებს, რომელიც მიმართულია  მუნიციპალიტეტების გაძლიერებისათვის. ეს,  მათ შორის, გულისხმობს  მუნიციპალიტეტების, როგორც  ფიზიკური აღჭურვილობებით, ასევე ადამიანური და სხვადასხვა რესურსით უზრუნველყოფას, რომელიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური საქმიანობისთვის“-განაცხადა მზია გიორგობიანმა.

მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების, მუნიციპალური სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვიანობის სისტემების განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.